ბაღაფში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებაზე საუბრობს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზური მხარე არ მოაწერს უსაფრთხოებისა და საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ შეთანხმებას ხელს, თუ ქართული მხარე დამატებითი კორექტივების შეტანას მოითხოვს დოკუმენტის პროექტში, იუწყება “აფსნიპრესი“ 28 დეკემბერს.


ბაღაფშის განცხადებით, სოხუმში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას 6–7 დეკემბერს ვიზიტის დროს მხარეებმა შეათანხმეს დოკუმენტის პროექტის ტექსტი. “მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავაც გვესმის თბილისიდან  შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებების შეტანის აუცილებლობის შესახებ, რასაც ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით“, – განაცხადა ბაღაფშმა.


თუმცა მან არ დააკონკრეტა, თუ რა სახის ცვლილებებზეა საუბარი. მისი თქმით, შეთანხმებას “არავითარი მნიშვნელობა არ ექნება“, თუ რუსეთი და გაერო არ იქნებიან უსაფრთხოებისა და საომარი მოქმედებების განუახლებლობის გარანტორები.


“მაგრამ რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა, კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების არსებობა, რაც აფხაზური მხარის მოთხოვნაა, ქართული მხარის უარყოფით რეაქციას იწვევს“, – განაცხადა ბაღაფშმა.


ბაღაფშმა ასევე განაცხადა, რომ იგი მას შემდეგ შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს, რაც მხარეები აღნიშნულ შეთანხმებას ხელს მოაწერენ.


“აფსნიპრესის“ ინფორმაციით, თბილისსა და სოხუმს შორის შეთანხმების პროექტი ომის განახლების შემთხვევაში გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შესაბამისი ზომების მიღებას ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version