უზბეკეთმა სუამი–ს შეთანხმებების შესრულების ვალდებულება მოიხსნა

უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის გადაწყვეტილებით იმ დოკუმენტების დენონსირება მოხდა, რომლებზეც ტაშკენტს სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ფარგლებში ჰქონდა ხელი მოწერილი, იტყობინება 29 დეკემბერს “იტარ–ტასსი“.


უზბეკეთმა სუამი 2005 წლის მაისში ოფიციალურად დატოვა.


კარიმოვმა იალტის ქარტიის, ვაჭრობისა და ტრანსპორტირების სფეროში ურთიერთდახმარების მემორანდუმის, ასევე სუამის წევრი ქვეყნების მთავრობებს შორის საბაჟო საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმების დენონსირებით, საბოლოოდ უარი თქვა ორგანიზაციის ფარგლებში აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე.


უზბეკეთი სუამს, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით შეიქმნა, 1999 წელს შეუერთდა. თუმცა, 2002 წლიდან  სუამის ფარგლებში გამართულ ყველა შეხვედრას იგნორირებას უკეთებდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version