“გაზპრომის“ თავმჯდომარის მოადგილე თბილისს სტუმრობს

რუსული ენერგოკომპანია “გაზპრომის“ თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე რიაზანოვი, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან მართავს მოლაპარაკებებს.


მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე რიაზანოვმა ჩამოსვლისას კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების დროს გაზის მიწოდებისა და ტარიფის საკითხი იქნება განხილული. მომავალი წლიდან “გაზპრომი“ საქართველოს გაზის საფასურს უძვირებს არსებული 63 აშშ დოლარიდან 110 დოლარამდე 1000 კუბურ მეტრზე.


პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი ნოემბერში მოსკოვს ეწვია და “გაზპრომის“ ხელმძღვანელობას შეხვდა. ამ მოლაპარაკებების შემდეგ “გაზპრომი“ იტყობინებოდა, რომ მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც საქართველოს გაზის ტრანსპორტირების სისტემის შესწავლისა და განვითარების მიზნით ერთობლივი საწარმოს შექმნას ითვალისწინებს. “გაზპრომი“ ასევე იტყობინებოდა, რომ წლის ბოლოს შესაბამის შეთანხმებას მოეწერებოდა ხელი. სავარაუდოდ სწორედ ამ შეთანხმების დეტალები იქნება განხილული თბილისში “გაზპრომის“ თავმჯდომარის მოადგილის ვიზიტის დროს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version