“მემარჯვენე ოპოზიციის“ წარმომადგენელი სახალხო დამცველს ორმაგ სტანდარტებში სდებს ბრალს

დღეს ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტმა სახალხო დამცველის სოზარ სუბარის ექვსი თვის ანგარიში მოისმინა, რასაც სუბარსა და “მემარჯვენე ოპოზიციის“ წარმომადგენელს კოკა გუნცაძეს შორის დაპირისპირება მოჰყვა.


სახალხო დამცველი 180–გვერდიან ანგარიშში სხვადასხვა სფეროებში ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებს ეხება, თუმცა აღნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებმა იკლო. სახალხო დამცველის განცხადებით, კვლავ რთული მდგომარეობაა პენიტენციალურ და სასამართლო სისტემებში.


თუმცა სოზარ სუბარის მოხსენებას “არაადექვატური“ უწოდა კოკა გუნცაძემ. მისი თქმით, ანგარიშში “ტაბუირებულია“ ისეთი თემები, როგორიცაა ფინანსური პოლიციისა და პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევა, საკუთრების უფლების შელახვა და თავისუფალ მედიაზე ზეწოლა.


“ეს არის სახალხო დამცველის ორმაგი სტანდარტები“, – განაცხადა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გუნცაძემ და დასძინა, რომ ომბუდსმენის ოფისი “შინაგან საქმეთა სამინისტროს დანამატად იქცა“.

თუმცა სახალხო დამცველმა მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები უარყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version