ნოღაიდელი ეუთოს საბჭოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმას გააცნობს

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი აშშ-დან, სადაც 20 ოქტომბრიდან სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, ავსტრიაში გაემგზავრა.


ვენაში, სადაც ეუთოს საბჭოს სხდომა იმართება, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან დიმიტრი რუპელთან.


პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ზურაბ ნოღაიდელი ვენაში ეუთოს საბჭოს სხდომაზე ოფიციალურად წარადგენს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გეგმას, რომელიც სამხრეთ ოსეთისთვის საქართველოს ფარგლებში ფართო ავტონომიურ უფლებებს ითვალისწინებს.


ამავდროულად, 27 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის დავლებით, საზღვარგარეთ საქართველოს ყველა ელჩი ადგილსამყოფელი ქვეყნების მთავრობებს ამ გეგმას გააცნობს. მათ შორის, საქართველოს ელჩი რუსეთში ირაკლი ჩუბინიშვილი ეწვევა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ოფიციალურ მოსკოვს გააცნობს სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის წინადადებებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version