ბურჯანაძე ოპოზიციური ფრაქციის შექმნას დადებითად აფასებს

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ იგი თავის თანაგუნდელებთან ერთად მიესალმება და პოზიტიურად აფასებს პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციის შექმნას და მზად არის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.


პარლამენტში ახალი 17–კაციანი ოპოზიციური ფრაქციის – “დემოკრატიული ფრონტის“ – ოფიციალური პრეზენტაცია დღეს შედგა. ფრაქციაში 8 „კონსერვატორი“ და 6 „რესპუბლიკელი“ დეპუტატის გარდა გაერთიანდა 2 დამოუკიდებელი დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრები  – დავით ზურაბიშვილი და გია თორთლაძე, ასევე “ახალი მემარჯვენეების“ ყოფილი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე.


“გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ისინი [დემოკრატიული ფრონტი] შეძლებენ მართლაც კონსტრუქციულად თანამშრომლობას, რაც არავითარ შემთხვევაში კრიტიკას არ გამორიცხავს, მაგრამ კონსტრუქციულობა მოიცავს თავისთავად ძალიან ადექვატურ რეაქციებს იმ პრობლემებზე, რაც ბუნებრივია, რომ მუშაობის პროცესში იქნება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version