საქართველო ეუთოს ცხინვალის ინციდენტის გამოძიებას სთხოვს

21 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეუთოს ცხინვალში 20 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის “დეტალური და სრული“ გამოძიებისკენ მოუწოდებს. ცეცხლის გახსნის შედეგად ათმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.


სააკაშვილმა ადგილობრივ სამართალდამცავებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს განკარგულება მისცა ითანამშრომლონ ეუთოსთან და ყველა საჭირო ზომა მიიღონ სრული სიმართლის დასადგენად, დამნაშავეთა დასასჯელად და ყველა შესაძლო კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად.


მან ასევე განკარგულება მისცა ჯანდაცვის სამსახურებს, დაზარალებულები დაუყონებლივ უზრუნველყონ საჭირო მედიკამენტებით, იტყობინება პრეზიდენტის პრეს-სამსახური.


სააკაშვილმა ასევე მოუწოდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას დაუყონებლივ განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები “ყოველგვარი წინაპირობის გარეშე“.


სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის მხარე აღარ მიიღებს მონაწილეობას შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობაში, სანამ ოფიციალური თბილისი ბოდიშს არ მოიხდის ცხინვალის დაცხრილვისთვის.      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version