სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 4 სექტემბერს ბორჯომში შეხვედრა გამართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან.


პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის შეხვედრას წინ უძღოდა დაპირისპირება, რომელიც პარტიაში შალვა რამიშვილის დაკავების სკანდალთან დაკავშირებით წარმოიშვა.


თუმცა, შეხვედრის შემდეგ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს საკითხი შეხვედრაზე არ ყოფილა განხილული. “ამაზე საერთოდ არ გვისაუბრია“, განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ.


საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის“ ცნობით, შეხვედრაზე პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც პარლამენტართა საქმიანობას გააკონტროლებს, რათა არ დაირღვეს კანონი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რომელიც უკრძალავს ოფიციალურ პირებს სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობას. ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ინიციატივა შეიძლება მიჩნეულ იქნას როგორც რეაქცია იმ განცხადებებზე, რომლებიც საბაჟო ტერმინალ “ოპიზასთან“ დაკავშირებით დეპუტატ კობა ბექაურის გარშემო კეთდება.    


შეხვედრაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანას ჰყავს “კონსოლიდირებული, ძლიერი [საპარლამენტო] უმრავლესობა, რომელსაც შეუძლია დემოკრატიის მშენებლობა“.


მან ხაზი გაუსვა, რომ მმართველი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანია“ და მისი ლოზუნგია – “ძალა ერთობაშია“.


“ჩვენ ზუსტი ხედვა გვაქვს. ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ, რა უნდა გაკეთდეს და რომელი მიმართულებით მივდივართ“, განაცხადა სააკაშვილმა. იგი სიტყვით გამოვიდა ბორჯომში ილია ჭავჭავაძის ძეგლის გახსნის ცერემონიაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version