ახალი ცსკ–ს დაკომპლექტების მიზნით ღია კონკურსი გამოცხადდა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა სპეციალური განკარგულებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) ახალი თავმჯდომარისა და შემადგენლობის დასაკომპლექტებლად ღია კონკურსი გამოაცხადა, ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა გელა ჩარკვიანმა კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პარლამენტის მიერ 22 აპრილს საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებების მიხედვით, ღია კონკურსის წესით 7 ვაკანსიაზე უნდა შეირჩეს არანაკლებ ორი კანდიდატი, რომელიც იქნება უპარტიო, უმაღლესი განათლებით, სახელმწიფო ენის მცოდნე და საზოგადოებაში დადებითი რეპუტაციის მქონე პიროვნება.


გელა ჩარკვიანის განცხადებით, შეიქმნა სპეციალური სამდივნო, რომელსაც კოორდინაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიგი უგულავა უწევს და სადაც 14 დღის განმავლობაში იწარმოებს ცსკ–ოს წევრობის კანდიდატთა საბუთების მიღება.


კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტი თავად შეარჩევს ცსკ–ოს თავმჯდომარის კანდიდატურას და ცსკ–ოს წევრობის კანდიდატებთან ერთად, მათი შერჩევიდან 7 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version