გოგა ხაინდრავამ და ტერი დევისმა კონფლიქტების საკითხი განიხილეს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა 15 აპრილს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტერი დევისს შეხვდა და კონფლიქტების მოგვარების და მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხები განიხილა. 


შეხვედრის შემდეგ ტერი დევისმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სახელმწიფო მინისტრმა მას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებში არსებული ვითარების თაობაზე. გოგა ხაინდრავას თქმით, მან ხაზი გაუსვა გალის რაიონში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხს.


მხარეებმა ასევე განიხილეს მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხი, რომლის თაობაზეც ვალდებულება საქართველომ 1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აიღო. გოგა ხაინდრავა სამთავრობო კომისიას ხელმძღვანელობს, რომელიც ცოტა ხნის წინ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით შეიქმნა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version