30 მარტს სოხუმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ ქართველი დევნილები მხოლოდ გალის რაიონში უნდა დაბრუნდნენ. მან აქვე დასძინა, რომ მხოლოდ იმ ქართველებს შეუძლიათ რეგიონში დაბრუნება, რომლებიც 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტში აფხაზების წინააღმდეგ არ იბრძოდნენ, იტყობინება “აფსნიპრესი“.
“ის ხალხი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა, ვერ დაბრუნდება და ვერ იცხოვრებს ქვეყანაში [თვითგამოცხადებულ აფხაზეთში]“, განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 29 მარტს თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ყველა დევნილი, მიუხედავად მათი ეროვნებისა, უნდა დაბრუნდეს აფხაზეთში. “არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იბრძოდა და ვინ არა. იქ ყველა იბრძოდა ორივე მხრიდან“, დასძინა სააკაშვილმა.