აფხაზური მხარე მიესალმება საქართველოში ხელისუფლების შეცვლას

(თბილისი, 22 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ვალერი არშბა აცხადებს, რომ აფხაზური მხარე მიესალმება საქართველოში 2 ნოემბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნტბის შედეგად საქართველოსი ხელისუფლების შეცვლას.

მისი თქმით, აფხაზური მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდნენ ისეთი ადამიანები, რომელთათვისაც თანასწორუფლებიანობის, კეთილმეზობლობის, აფხაზეთის მიმართ ძალის არგამოყენების პრინციპები მთავარი პირობები იქნება ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერტობების მოსაგვარებლად.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც მიხვდებიან, რომ მაგალითად, სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა დასაბამს მისცემს ახალ ეპოქას, ორ ხალხს შორის ცივილიზებული ურთიერთობების ეპოქას. საომარი რიტორიკა წარსულს უნდა ჩაბარდეს და მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, რომ სწორედ ასეთ ხალხს მისცეს ხმა”, – განუცხადა 22 ოქტომბერს “სივილ ჯორჯიას” ვალერი არშბამ.

მისი თქმით, საქართველოში დაგეგმილი არჩევნები ეს თვითონ საქართველოსა და ქართველი ხალხის საქმეა, მაგრამ აფხაზური მხარე ვერ დარჩება გულგრილი მიმდინარე მოვლენების მიმართ.

არშბამ აღნიშნა, რომ “როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან და სხვა წყაროებიდან ჩანს, საქართველოს ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაშია, რადგან აქვს სიძნელეები ელექტროენერგიით მომარაგებაში, უმუშევრობის მაღალი დონეა, დამნაშავეობა. რბილად რომ ვთქვა, არც ისე კომფორტულად გრძნობს თავს ოპოზიცია. გამორიცხული არ არის, რომ გაყალბებული იქნას არჩევნების შედეგები”.

“მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რომ ადგილი არ ჰქონდეს დესტაბილიზაციას რეგიონში, რადგან თუ საქართველოში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის დაპირისპირება გამოიწვევს დესტაბილიზაციას, ეს მთელ რეგიონზე აისახება”, – დასძინა ვალერი არშბამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version