სუუამი და აშშ თანამშრომლობას აღრმავებენ

(თბილისი, 5 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – სუუამის წევრი ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა) ლიდერებმა 4 ივლისს იალტაში გამართულ სამიტზე 7 ერთობლივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “ნოვოსტის” ცნობით, აზერბაიჯანის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ვირტუალური ცენტრის შექმნის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას ტერორიზმთან ბრძოლის, ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების გავრცელების სფეროში. 

გარდა ამისა, სამიტის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ვაჭრობისა და ტრანსპორტირების სფეროში დახმარების თაობაზე, ასევე სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებას საგანგებო სიტუაციათა თავიდან აცილებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის შესახებ, საბაჟო და განათლების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ.

სამიტის მონაწილეებმა ასევე ხელი მოაწერეს ოქმს სასაზღვრო უწყებების თანამშრომლობის თაობაზე. 

უზბეკეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა მხოლოდ ურთიერთგაგების მემორანდუმს ვაჭრობისა და ტრანსპორტირების სფეროში, ასევე სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებას ურთიერთდახმარებისა და საბაჟო საკითხებში თანამშრომლობის თაობაზე.

სამიტში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, უზბეკეთის პრეზიდენტის მრჩეველი აბდულაზიზ კამილოვი, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი არტურ რასიზადე და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ანდრეი სტრატანი.

სუუამ-ის სამიტზე 19 ქვეყანამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თავიანთი დელეგაციები დამკვირვებლის სტატუსით გააგზავნა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აშშ სუუამ-ის პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version