skip to content
ახალი ამბები

”იმედის” ხელმძღვანელი დადგმულ რეპორტაჟს იცავს

ტელეკომპანია ”იმედის” ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ, განაცხადა რომ ის იღებს პასუხისმგებლობას იმაზე რაც ტელევიზიის მიერ დადგმულმა რეპორტაჟმა რუსეთთან ომის განახლების შესახებ გამოიწვია, თუმცა აღნიშნა, რომ ის არანაირ საკადრო ცვლილებებს არ განიხილავს და თანამდებობის დატოვებასაც არ აპირებს.

არველაძემ, რომელიც მთავრობის ყოფილი წევრი და პრეზიდენტ სააკაშვილის დიდი ხნის მოკავშირეა, განაცხადა, რომ ის ”გულწრფელად” იხდის ბოდიშს ”შოკის” გამოწვევის გამო. რეპორტაჟის დაწყებამდე ტელეკომპანიამ გააკეთა გაფრთხილება, რომ ეს იყო საინფორმაციო გამოშვება ”ქრონიკის” ”მოდელირება” იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს მაისის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, თუმცა რეპორტაჟის მსვლელობისას ეკრანზე არაფერი ეწერა, რომელიც მიანიშნებდა მაყურებელს რომ ეს გამოგონილი ამბავი იყო.

”გადაცემის მიზანი ნამდვილად არ ყოფილა საზოგადოების დაშინება და პანიკის გამოწვევა… ძალიან ბევრი მოქალაქისთვის ეს აღმოჩნდა შოკისმომგვრელი დარტყმა და რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას ჩვენ ვაცნობიერებთ და გულწრფელად ვუხდით ბოდიშს ყველა ჩვენს მოქალაქეს,” – განაცხადა არველაძემ 14 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ”აქცენტები”.         

მისი თქმით, გადაცემის მზადების პროცესში იყო დისკუსია იმაზე გაეკეთებინათ თუ არა წარწერა ეკრანზე რეპორტაჟის მსვლელობისას, თუ უბრალოდ შეტყობინება გაეკეთებინათ სიუჟეტის დასაწყისში და ბოლოში. მისი თქმით, გადაწყდა რეპორტაჟი ისე გადაეცათ, როგორც ეს საბოლოოდ გაკეთდა.  

არველაძემ არ მიიღო ბრალდებები, რომ ეკრანზე გაფრთხილების შესახებ წარწერის უგულებელყოფით ტელეკომპანია ”იმედმა” დაარღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსი. მისი თქმით, ეს იურისტების ”ინტერპრეტაციის საკითხია”.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადეს, რომ ”იმედმა” დაარღვია კოდექსი, რომელიც ამბობს: “აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში დადგმებისა და ინსცენირების გამოყენებისგან, ან ნათლად უნდა განმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება.”

”ამის შესახებ არის განსხვავებული მოსაზრებები იურისტებში და არ მინდა, რომ ამ პოლემიკაში შევიდეთ,” – უპასუხა არველაძემ, როდესაც მას ქცევის კოდექსის შესახებ ჰკითხეს.

თუმცა, მას შემდეგ, რაც წამყვანმა მას კიდევ ერთხელ ჰკითხა ამის შესახებ, არველაძემ უპასუხა: ”მე ნამდვილად არ მინდა, რომ ამ იურიდიულ დეტალებში შევიდეთ, მაგრამ ”ნათლად განმარტება” არ გულისხმობს მაინცდამაინც იმას, რომ ტიტრი უნდა იყოს, ან რაიმე სხვა ფორმა. ნათლად იყო განმარტებული გადაცემის დასაწყისში”.

”ეს არ არის ახლა მთავარი; მთავარი არის ის, რომ შედეგი დადგა ისეთი, რომელიც ნამდვილად არ იყო ამ გადაცემაში ჩაფიქრებული. ჩვენი მიზანი იყო არა საზოგადოების დაშინება, არამედ ლაპარაკი იმ საფრთხეებზე, რომელიც რეალურად ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს,” – განაგრძო არველაძემ, ”ჩვენი მიზანი იყო არა ქართველი ხალხის დაპანიკება, არამედ მოსკოვში არსებული და მომზადებული გეგმის თვალნათლივ წარმოდგენა მთელი თავისი ბევრი მტკივნეული დეტალით”.

”როგორც ჩანს, არასწორი გათვლა იყო ის, რომ საზოგადოების უმრავლესობა ამას ადექვატურად აღიქვამდა,” – განაცხადა არველაძემ.

შემდეგ მან განაცხადა, რომ მთავარი განსხვავება 1921 წელსა და 2008 წლის აგვისტოს შორის ის არის, რომ 1921 წელს წითელ არმიას ქართველი ბოლშევიკები შემოუძღვნენ, ”ხოლო 2008 წელს რუსეთმა ვერ იპოვა ასეთი ქართველები”.

”მაგრამ სამწუხარო და სახიფათო არის ის, რაც დღეს ხდება; დღეს ასეთი ქართველები გამოჩნდნენ,” – განაცხადა არველაძემ. მას მხედველობაში ჰყავდა ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი, რომელთაც ცოტა ხნის წინ ცალ-ცალკე შეხვედრები გამართეს რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან. დადგმულ რეპორტაჟშიც სწორედ ეს ორი პოლიტიკოსია ნახსენები, როგორც არჩევნების შემდგომი არეულობების მთავარი ორგანიზატორები, რასაც შემდეგ თითქოსდა რუსული სამხედრო ინტერვენცია მოყვა.

”ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თუკი გაჩნდა რაიმე პრობლემა, ნდობის დეფიციტი საზოგადოებასა და ჩვენს არხს შორის, ეს ყველაფერი აღმოიფხვრას იმიტომ, რომ ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას, ჩვენ ვემსახურებით ჩვენ ქვეყანას და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ის, რაც ამ გადაცემაში იყო, არასდროს არ გადაიქცეს რეალობად – ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი; ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობა და ჩემი პირადი მოვალეობა,” – განაცხადა არველაძემ.

”ამ საქმეს მე შევეცდები გავაკეთო ყველა ჩემი შესაძლებელი ამპლუიდან, რომელიც მექნება და სანამ მექნება ამის შესაძლებლობა… მე არ განვიხილავ რაიმე საკადრო ცვლილებებს, არც ჩემ გადადგომას. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ახლა უნდა ვიყოთ მონდომებული, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი,” – განაცხადა მან.

მსგავსი/Related

Back to top button