დონეცკის სასამართლომ ქართველ ექიმს დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის სასამართლომ 28 წლის საქართველოს მოქალაქე ნინო კახნიაშვილს დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედება უკრაინის მხარეს „დაქირავებულ მებრძოლად“ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. კახნიაშვილი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მისი როლი უკრაინაში მხოლოდ სამედიცინო დახმარების გაწევით შემოიფარგლებოდა.

დონეცკის დე ფაქტო პროკურატურის განცხადების თანახმად, კახნიაშვილი უკრაინაში 2022 წლის აპრილში ჩავიდა და ნებაყოფლობით შეუერთდა საქართველოს ეროვნულ ლეგიონს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მან საბრძოლო მომზადება გაიარა და 2022 წლის სექტემბრამდე რუსული ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა.

პროკურატურის თქმით, იგი მოგვიანებით საქართველოში გაემგზავრა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ უკრაინის სარდლობამ გადაწყვიტა „ქართველი მებრძოლების აქტიურად განლაგება ფრონტის ხაზზე კონტრშეტევის დროს“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ის საბრძოლო მოქმედებების ზონაში 2023 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა და იქ 2025 წლის ივნისამდე დარჩა. ამ პერიოდის განმავლობაში მან „დაქირავებული მებრძოლობისთვის“ ორ მილიონ რუბლზე მეტი თანხის ექვივალენტი მიიღო.

კახნიაშვილს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით ედება ბრალი, რაც დაქირავებულ მებრძოლად შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობას გულისხმობს.

რუსეთის ხელისუფლებამ კახნიაშვილი 15 დეკემბერს საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანა. ბრალდებების საპასუხოდ, კახნიაშვილმა განაცხადა, რომ მას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

„ვადასტურებ, რომ ვიმყოფებოდი ე.წ. ცხელ წერტილებში, თუმცა ჩემი საქმიანობა სრულად შემოიფარგლებოდა სამედიცინო მოვალეობის შესრულებით. მე ვუწევდი დახმარებას როგორც სამხედრო პირებს, განურჩევლად მათი მოქალაქეობისა, ასევე სამოქალაქო მოსახლეობას“, – დაწერა კახნიაშვილმა „ფეისბუქზე“ 18 დეკემბერს.

„ჩემი საქმიანობა არც ერთ ეტაპზე არ გასცდენია ექიმის პროფესიული მოვალეობის, ეთიკური ნორმებისა და საერთაშორისო სამედიცინო პროტოკოლების ჩარჩოს“, – დასძინა მან.

This post is also available in: English

Exit mobile version