ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენების ხელმძღვანელობის ბრალდებით დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 25 დეკემბერს განაცხადა, რომ დაკავებულია ბაჩო ახალაია, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის თანამდებობებს იკავებდა. მას ბრალად ედება 4 ოქტომბრის მოვლენების ხელმძღვანელობა.

დაკავებამდე თითქმის სამი თვით ადრე, არჩევნების დღის აქციის ორგანიზატორების მოწოდებით მომიტინგეთა ჯგუფმა პრეზიდენტის სასახლის დაკავება სცადა, თუმცა პოლიციამ ისინი მოიგერია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოვლენები უცხოელების მიერ მხარდაჭერილ გადატრიალების მცდელობად შეაფასა და მომდევნო კვირების განმავლობაში 60-მდე პირი დააკავა, მათ შორის ხუთი სავარაუდო ორგანიზატორი: აქტივისტი და ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრები ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პარტიის წევრი პაატა მანჯგალაძე და გადამდგარი პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.

„ოთხი ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების დროს, აღნიშნულ მოვლენებს ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მისი მთავარი ორგანიზატორი  იყო ბაჩანა ახალაია“, – განაცხადა სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე. მისი თქმით, სუს-მა შეძლო „უტყუარობის მაღალი სტანდარტით, წუთებისა და წამების სიზუსტით, ინტერნეტტრაფიკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით დაგვედგინა ორ პირს შორის მობილური ტელეფონების ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით შემდგარი სატელეფონო ინტერნეტკავშირი“.

მაღრაძემ განაცხადა, რომ ჯამში ფიქსირდება 343 შემდგარი ინტერნეტსესია, მათ შორის ახალაიას მეუღლის, ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ აიპი მისამართსა და 4 ოქტომბრის მოვლენების ხუთ სავარაუდო ორგანიზატორს შორის.

სუს-ის უფროსის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ 4 ოქტომბერს გვიან ღამით „ჩანაწერის“ გავრცელების შემდეგ, რომელიც, სავარაუდოდ, ასახავდა ახალაიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის შემდგარ საუბარს ხელისუფლების დამხობის თაობაზე, შეიცვალა მურთაზ ზოდელავასთან კომუნიკაციის ფორმა, „რის შემდეგაც აქტიური ინტერნეტკავშირი ფიქსირდება მასსა და მოქალაქე ზვიად გაგუას მობილური ტელეფონის ინტერნეტაპლიკაციებს შორის“.

მაღრაძემ არ დააკონკრეტა, შეეძლო თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სავარაუდო კონტაქტებიდან საუბრების შინაარსის მონიტორინგი, ან ეფუძნება თუ არა ბრალდებები მხოლოდ დროისა და IP მისამართების მსგავსი მონაცემების ანალიზს.

ბრიფინგის დროს მაღრაძემ ასევე მიუთითა ახალაიას შესაძლო კავშირზე სისხლის სამართლის საქმესთან, რომელთან დაკავშირებითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ აღმოაჩინა „დიდი რაოდენობით“ ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები. უწყებამ მაშინ განაცხადა, რომ მათი მეშვეობით 4 ოქტომბრის არეულობის დროს „დივერსიული აქტები“ უნდა განხორციელებულიყო. უწყებისვე თქმით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა „უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთ სამხედრო დანაყოფის მითითებით“ განხორციელდა.   

This post is also available in: English

Exit mobile version