ცხინვალში სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი „შპიონაჟის“ ბრალდებით დააკავეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ ახალგორში მცხოვრები ქართველი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი „შპიონაჟის“ ბრალდებით დააკავა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „სამოქალაქო საქართველოს“ განუცხადა, რომ ცხინვალმა დაუდასტურა „ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის,  თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტი“ და დასძინა, რომ მიმდინარეობს „ინტენსიური კომუნიკაცია“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტო „რესმა“ 22 დეკემბერს განაცხადა, რომ ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღძრა, რომელიც ჯაშუშობას გულისხმობს.

„გამოძიების თანახმად, სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ რესპუბლიკაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ ინფორმაცია შეაგროვა და გადასცა, რითიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა“, – იტყობინება „რესი“.

დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე, მეარაყიშვილმა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეს, ალან მარგიევს მიმართა და აღნიშნა, რომ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში საჯაროდ ითხოვდა მასთან შეხვედრას და არაერთხელ ეწვია დე ფაქტო პარლამენტს შეხვედრის თხოვნით, თუმცა უშედეგოდ.

მან დაწერა, რომ „იძულებული გახდა შიმშილობა დაეწყო“ და ამის მიზეზად „ხელისუფლების თვითნებური ქმედებები, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის, შრომის კანონმდებლობის სრული უგულებელყოფა და ჩემი უფლებების დარღვევა“ დაასახელა.

23 დეკემბერს, საინფორმაციო სააგენტო „რესმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებული „ეჭვმიტანილი იყო ინფორმაციის გადაცემაში საქართველოს სპეცსამსახურებთან აფილირებულ უცხოური მედიასაშუალებებისთვის“. ამავე ინფორმაციის თანახმად, „მედიამ მოქალაქე პროპაგანდისტულ საქმიანობაში გამოიყენა საქართველოს და მისი დასავლელი პარტნიორების ინტერესების ხელშესაწყობად“.

მეარაყიშვილის დაკავებას თბილისში უფლებადამცველების გამოხმაურება მოყვა.

„თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ უკვე წლებია გრძელდება უკანონო ქმედებები ადგილობრივი რეჟიმის მხრიდან“, – წერს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშშვილი „ფეისბუქზე“. „კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დევნა ახალ მასშტაბებს აღწევს რეგიონში“.

ნანუაშვილმა მოუწოდა თბილისს და საერთაშორისო საზოგადოებას „სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა თამარ მეარაყიშვილის უკანონო პატიმრობიდან განთავისუფლებისთვის“.

This post is also available in: English

Exit mobile version