საია-ს ახალი თავმჯდომარე თამარ ონიანი გახდა

22 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) გამგეობამ  ორგანიზაციის თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩია. მან ამ პოსტზე ნონა ქურდოვანიძე შეცვალა, რომლის უფლებამოსილების ვადაც ამოიწურა.

ნონა ქურდოვანიძე ორგანიზაციას სამი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. საია-ს წესდების შესაბამისად, მას აღარ ჰქონდა მორიგ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.

ახალ თანამდებობაზე არჩევამდე ონიანი საია-ში რამდენიმე თანამდებობაზე მსახურობდა. 2023 წლიდან იგი საია-ს ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი, ხოლო 2022 წლიდან თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის წევრი იყო.

2021 წლიდან იგი საია-ში ხელმძღვანელობდა საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდს, ხოლო, 2018 წელს მან საია-ში მუშაობა სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე დაიწყო. ამ პოზიციაზე ონიანი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა / ხელმძღვანელობდა სტრატეგიული მნიშვნელობის სამართლებრივ დავებს, რომლებიც შეეხებოდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, წამების აკრძალვას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვრისპირა რეგიონებში უფლებადარღვევებს და სხვა.

This post is also available in: English

Exit mobile version