ევროკავშირის ინსტიტუტები ბლოკის ისტორიაში პირველად „უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების“ ერთიანი სიის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელშიც შესაძლოა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებიც შევიდნენ, მათ შორის საქართველო. ამგვარი ნაბიჯი ქართველ თავშესაფრის მაძიებლებს საერთაშორისო დაცვაზე წვდომას გაურთულებს.
18 დეკემბერს, ევროკავშირის საბჭოს დანიის თავმჯდომარეობამ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ახალი ჩარჩოს შესახებ, რომელიც ბანგლადეშს, კოლუმბიას, ეგვიპტეს, ინდოეთს, კოსოვოს, მაროკოსა და ტუნისს „უსაფრთხო ქვეყნებად“ გამოაცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პირდაპირ არ არის დასახელებული, დოკუმენტში ნათქვამია, რომ სიაში ასევე შევლენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა 2023 წლის დეკემბერში გახდა.
ამგვარი გამონაკლისებია სიტუაციები, როდესაც მიმდინარეობს საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტი, როდესაც ევროკავშირმა მიიღო „შემზღუდავი ზომები“ ქვეყნის წინააღმდეგ „ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებულ საკითხებში“ ან როდესაც თავშესაფრის განაცხადის აღიარების მაჩვენებელი წევრი სახელმწიფოების ხელისუფლების მიერ შეფასებისას 20%-ს აღემატება.
დროებითი შეთანხმება საბჭოსა და პარლამენტის ოფიციალურ დამტკიცებას საჭიროებს. დამტკიცების შემთხვევაში, ერთიანი სია 2026 წლის 12 ივნისიდან ამოქმედდება.
This post is also available in: English
