საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 17 დეკემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ მან მიზანშეწონილად მიიჩნია „ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება“. ბოლოს განაკვეთი ბანკმა 2024 წლის მაისში შეცვალა.
ბანკის ინფორმაციით, ინფლაციის ტემპმა ნოემბრის მდგომარეობით 4.8% შეადგინა, რაც ძირითადად სურსათის ფასებმა განაპირობა. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.3% შეადგინა.
ცენტრალური სცენარის მიხედვით, ეროვნული ბანკი მოელის, რომ 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 4% იქნება, ხოლო 2026 წლის მეორე კვარტალიდან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება და წლიურად საშუალოდ 3.5%-ს გაუტოლდება.
„მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები უფრო გამოკვეთილია, თუმცა ასევე, კვლავ ნარჩუნდება შემცირების მიმართულებით მოქმედი რისკებიც“, – აღნიშნა ბანკმა.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 11 თებერვალს ჩატარდება
This post is also available in: English
