საქართველოს სადავო პარლამენტმა მიიღო კანონები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს ავალებს, შექმნას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა. ეს ნაბიჯი, როგორც ოპონენტები, მათ შორის ფსიქოლოგები, აფრთხილებენ, შესაძლოა „კონტროლის, დისკრიმინაციისა და მანიპულირების ინსტრუმენტი“ გახდეს.
9 დეკემბერს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და იარაღის შესახებ კანონებში მიღებული ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროს ავალებს, 2026 წლის 1 მარტამდე შექმნას ფსიქიატრიული პრობლემების მქონე პირთა, ასევე ალკოჰოლიზმის, ნარკომანიისა და ნივთიერებაზე დამოკიდებულების დიაგნოზის მქონე პირთა მონაცემთა ბაზა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობით.
„ინფორმაციის დროული და სანდო წყაროს არარსებობის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ ვერ ხორციელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში. „მაგალითად, გამოწვევას წარმოადგენს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების განხორციელების დროს, როგორიც არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გაცემა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება და სხვა. მსგავსი სახის ლიცენზიის (ნებართვის)/უფლების ფლობა უკავშირდება მომეტებულ საფრთხეს და საჭიროებს მისი მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან“.
თუმცა, ოპონენტები აფრთხილებენ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მონაცემთა ბაზის შექმნა სერიოზულ რისკებს უქმნის ფუნდამენტურ უფლებებს.
ნარკოლოგმა და ოპოზიციური პარტია „ფედერალისტების“ წევრმა, ზურაბ სიხარულიძემ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ცვლილებები „ფსიქიატრიას და ნარკოლოგიას ბოლომდე დაანგრევს, თან ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს ისე უხეშად დაარღვევს, რომ სანახაობა გამოდის“.
„ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ უნდა იყოს ადამიანების კონტროლის, დისკრიმინაციისა ან მანიპულაციის იარაღი“, – განაცხადა საქართველოს ფსიქოლოგთა პროფკავშირმა. „ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ეკუთვნის იმ განსაკუთრებით მგრძნობიარე მონაცემთა კატეგორიას, რომლის შეგროვება, შენახვა ან გავრცელება ადამიანის ბაზისური უფლებების დარღვევის საფრთხეს ქმნის და ზრდის მისი დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციის რისკს“.
ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ შესწორებული კანონის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს კრიტერიუმები მონაცემთა ბაზაში მონაცემების შეყვანისთვის, შეაგროვოს შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებიდან და განახორციელოს ერთიანი სისტემის ფუნქციონირებისთვის საჭირო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები.
საკანონმდებლო ცვლილებები პირდაპირ კავშირშია ცეცხლსასროლი იარაღის რეგულირებასთან. იარაღის შესახებ შესწორებული კანონის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2026 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა უზრუნველყოს იმ მფლობელების გადამოწმება, რომლებმაც შესაბამისი ლიცენზია (ნებართვა) 2026 წლის 1 მარტამდე მოიპოვეს, და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათთვის აღნიშნული ლიცენზია (ნებართვა) გააუქმოს.
This post is also available in: English
