9 დეკემბერს, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განაცხადა, რომ საქართველო „მიტაცებული, კლეპტოკრატიული სახელმწიფოა“, და კორუფციისა და მისგან გამოწვეული ზიანის ზრდის შესახებ გააფრთხილა.
„ასეთ ქვეყნებში, მმართველი ელიტის ერთადერთი მიზანი და მოტივაცია პირადი გამდიდრებაა, რაც მოქალაქეებისა და სახელმწიფოს გაძარცვის გზით ხდება. კორუფციის გზით დაგროვილი რესურსები კი, თავის მხრივ, ძალაუფლების შენარჩუნებას ხმარდება“, – განაცხადა ორგანიზაციამ.
მისი თქმით, „მიტაცებული სახელმწიფოს სათავეში მდგომი ბიძინა ივანიშვლის მმართველობა ემყარება კორუფციაში ჩართულ გარკვეულ ჯგუფს, რომელსაც ის აძლევს კორუფციის გზით გამდიდრების საშუალებას და შემდეგ იყენებს მათ სახელმწიფო ინსტიტუტების დამორჩილებისა და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის“.
TI საქართველომ აღნიშნა, რომ „სახელმწიფოს მიტაცების პროცესი დასრულებულია“ და „არ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო“, რომელიც შეძლებდა კორუფციაზე ღიად საუბარსა და მის წინააღმდეგ რეალურ მოქმედებას. ამასთან, ყალიბდება კლეპტოკრატია, ვინაიდან „ელიტური კორუფციის დოკუმენტირებული შემთხვევების რაოდენობა, შინაარსი და ფიგურანტების ვინაობა მიანიშნებს მაღალი დონის კორუფციის სისტემურ ხასიათზე“. ორგანიზაციის თქმით, მიმდინარეობს კორუფციასთან მოჩვენებითი ბრძოლა, როდესაც საგამოძიებო ორგანოები ემსახურებიან მმართველი პარტიის შიდა დაპირისპირებებს და გარჩევებს, მაშინ, როდესაც „ელიტური კორუფციის ასობით დოკუმენტირებული შემთხვევა ისევ თაროზეა შემოდებული“.
ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმების შესახებ წინ უძღოდა, კორუფციასთან ბრძოლის მაგივრად, უწყების არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ რესპრესიულ მექანიზმად გადაქცევა.
TI საქართველომ აღნიშნა, რომ საქართველო უგულებელყოფს კორუფციასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მეხუთე წელია არ აქვს ანტიკორუფციული ეროვნული სტრატეგია და კანონის დონეზე აიკრძალა სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორთან.
„იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა, ქვეყანაში უნდა აღდგეს დემოკრატიული წყობა და დაიწყოს დამოუკიდებელი ინსტიტუციების მშენებლობის რეალური პროცესი“, – განაცხადა ორგანიზაციამ.
This post is also available in: English
