„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2024 წელს საპროტესტო აქციების დასაშლელად გამოყენებულ წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება იყო გარეული, თუმცა მან გამორიცხა სამხედრო დანიშნულების ქიმიური ნაერთის, კამიტის გამოყენება, რასაც, BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, შესაძლოა ჰქონოდა ადგილი.
„ნივთიერება იყო გარეული [წყლის ჭავლში]. მთავარია იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული“, – განაცხადა კობახიძემ 3 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„რაც შეეხება კონკრეტულად ინფორმაციას კამიტის ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებით… შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა ფაქტი, რომ არათუ არ გამოყენებულა, ეს ნივთიერება არც არასდროს შეუძენია შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში“, – აღნიშნა კობახიძემ და დასძინა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიება დაადგენს, თუ კონკრეტულად რა ნივთიერება იყო გამოყენებული.
მან ასევე აღიარა, რომ BBC-ს გამოძიებაში ხსენებული ქიმიური კოდი UN 3439 სწორად იყო ციტირებული, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის „ათეულობით“ ქიმიურ ნივთიერებას მოიცავს, მათ შორის კამიტს და დასძინა, რომ ამ კოდით გაერთიანებული „ნივთიერებების ძალიან დიდი ნაწილი“ აკრძალული არ არის.
This post is also available in: English
