„ქართულმა ოცნებამ“ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქაძემ 2 დეკემბერს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა, რომელიც სხვა ინიციატივებთან ერთად, ყველა საჯარო სკოლაში სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ერთიანი სახელმძღვანელოების დანერგვას, 1-6 კლასებისთვის ფორმების სავალდებულო შემოღებას, გაკვეთილების დროს მობილური ტელეფონების აკრძალვას და სისტემის 11-წლიანი სწავლების მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს. ამავდროულად, მე-12 კლასი ნებაყოფლობითი იქნება იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დამატებით მოისურვებენ აკადემიური ცოდნის მიღებას.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ 2023 წლის ბოლოს წარდგენილ და პარლამენტის მიერ 2024 წელს მიღებულ განახლებულ სტრატეგიაზე საუბრისას, მიქანაძემ განაცხადა, რომ ის ახლა „ეროვნულ ღირებულებებსა“ და „პატრიოტულ სულისკვეთებას“ ეფუძნება.

,,საგანმანათლებლო სისტემა კომპლექსური გამოწვევების წინაშე დგას. საჭიროა უზრუნველვყოთ თითოეული მოსწავლის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის მქონე, კონკურენტუნარიან მოქალაქედ აღზრდა და ჩამოყალიბება“, – განაცხადა მიქანაძემ. „სწორედ ამ მიზნით, 8 ძირითადი გამოწვევის დასაძლევად ჩვენ შესაბამისი ამოცანები განვსაზღვრეთ. ვიწყებთ მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ ფუნდამენტურ და ღირებულებით ცოდნაზე დამყარებული სასწავლო შინაარსი, სისტემური და განახლებადი საგანმანათლებლო რესურსები, მრავალფეროვანი სასკოლო კულტურა, განათლების უწყვეტობა, რაც გულისხმობს საფეხურს შორის კავშირების გაძლიერებას“.

მიქანაძემ სკოლის არსებული სისტემის წინაშე არსებული რვა ძირითადი გამოწვევა გამოყო, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი, სასწავლო რესურსები, შეზღუდული არაფორმალური განათლება, საგანმანათლებლო დონეებს შორის სუსტი კავშირები, მასწავლებლის კვალიფიკაცია, უსაფრთხო სასწავლო გარემო, პროცესის ინკლუზიურობა და სკოლის მართვა და დაფინანსება.

This post is also available in: English

Exit mobile version