„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს არ შეუძენია და არც გამოუყენებია ქიმიური ნივთიერება კამიტი (ბრომბენზილ ციანიდი), რომელიც, BBC-ს ვარაუდით, 2024 წელს მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში იყო შერეული.
„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ 2 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია კამიტი. მან ამ ტოქსიკური ნაერთის გამოყენების შესახებ BBC-ს ბრალდებას „სრული აბსურდი“ და „ტყუილი“ უწოდა.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ნივთიერება შეიძლება იყოს წყლის ჭავლში გარეული, მაგრამ რა ნივთიერებაა გარეული ამაშია საქმე“. მან განაცხადა, რომ წარსულში რამდენიმე ნივთიერება იქნა შეძენილი, თუმცა აღნიშნა, რომ ანგარიშში დასახელებული კონკრეტული ნივთიერება, კამიტი, მათ შორის არ იყო.
თუმცა, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, 1 დეკემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში განაცხადა, რომ „ეს ნივთიერებები რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია“.
„ბატონი ვახტანგი, რასაც გულისხმობდა, 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერებები შესყიდული, უბრალოდ, გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის კამიტი“, – განაცხადა გეკა გელაძემ.
2 დეკემბერს, სუს-ში გამოკითხვაზე პედიატრი ძმები, კონსტანტინე და დავით ჩახუნაშვილები დაიბარეს. მათი თანაავტორობით მომზადდა კვლევა, რომელიც მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს ცრემლსადენი გაზის გამოყენების ჯანმრთელობაზე ზემოქმედებას შეისწავლიდა, რაც შემდეგ BBC-ს გამოძიებაში იყო გამოყენებული. თუმცა, მათ კვლევაში არ იყო საუბარი საპროტესტო აქციების დროს კამიტის გამოყენებაზე.
2 დეკემბერს, სამოქალაქო საზოგადოების 25-მა ორგანიზაციამ მოუწოდა ხელისუფლებას, გაასაჯაროვოს, თუ რომელი ქიმიური ნივთიერებები იქნა გამოყენებული საპროტესტო აქციების დაშლის დროს.
This post is also available in: English
