დიდი ბრიტანეთის მინისტრი სტივენ დაუთი მაკა ბოჭორიშვილსა და გიორგი ზურაბაშვილს ტელეფონით ესაუბრა

დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სტივენ დაუთი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს 16 ოქტომბერს, ხოლო მის მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს 21 ოქტომბერს ტელეფონით ესაუბრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საუბრების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ლორდთა პალატის წევრმა საიმონ მიურეიმ საერთაშორისო განვითარების საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს ჯენი ჩაპმანს საქართველოს შესახებ კითხვით მიმართ.

1 დეკემბრით დათარიღებულ პასუხში ჩაპმანმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი კვლავ „უკიდურესად შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით, მათ შორის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვითა და საპროტესტო აქციების მიმართ საპოლიციო ზომებით“. მან განაცხადა, რომ ეს საკითხები ბოჭორიშვილთან და ზურაბაშვილთან საუბრების დროს წამოიჭრა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩაპმანმა ისინი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრად და „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მოიხსენია.

„დიდი ბრიტანეთი ასევე მხარს უჭერს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს ძალისხმევას, ზეწოლა მოახდინონ საქართველოზე, რათა მან დაიცვას დემოკრატიული ნორმები“, – დასძინა მან.

2 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი შედგა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

This post is also available in: English

Exit mobile version