საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებისა და უცხოური ორგანიზაციისთვის შესაძლო დახმარების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც BBC-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს პოლიციამ შესაძლოა გასულ წელს მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი სამხედრო ტოქსიკური ნივთიერება გამოიყენა.
სუს-ის თქმით, გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, „რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“.
„დღეის მდგომარეობით, შემდგარ ფაქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ მხოლოდ ის, რომ ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს და მეორე მხრივ, პირიქით, შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ“, – განაცხადა სუს-მა 1 დეკემბერს.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
„ქართული ოცნება“ ტოქსიკური ნივთიერების გამოყენებას უარყოფს და გამოცემის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში ჩივილს აპირებს.
„ცხადია, „დიპ სტეიტის“ პროპაგანდისტულ იარაღად ქცეულ ეგრეთ წოდებულ მედიას მძიმე ბრალდების დასამტკიცებლად არანაირი ფაქტი არ აქვს წარმოდგენილი“, – განაცხადა მმართველმა პარტიამ, რომლის თქმითაც სტატია ეყრდნობა „დაინტერესებული პირების“ ჩვენებებს და „არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს“.
This post is also available in: English
