ოპოზიციური ალიანსის „ლელო/ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მას ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ბრალი წაუყენა. ელისაშვილი 29 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ელისაშვილი აღიარებს ჩადენილ ქმედებას, თუმცა მას დანაშაულად არ მიიჩნევს.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„საქართველოს პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთობლივად ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული, ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ მიდის მამაკაცი სასამართლოს კანცელარიასთან დაახლოებით დილის 4:10 საათზე, რასაც მოჰყვება ცალკე კადრები, სადაც ჩანს, როგორ ასხამს ოთახში მყოფი პირი სითხეს ორი ბოთლიდან მაგიდებზე, დოკუმენტებსა და კანცელარიის ინტერიერის სხვა ადგილებში.
შემდეგ ვიდეოში ჩანს, როგორ უპირისპირდება მამაკაცი ადგილზე გამოჩენილ სასამართლოს მანდატურს. მოგვიანებით მათ კიდევ ორი მანდატური უერთდება, რომლებიც ურტყამენ მამაკაცს და აკავებენ მას. ელისაშვილის სახე კადრებში არ ჩანს.
კადრებში არ ჩანს, თუ როგორ შევიდა მამაკაცი შენობაში ან გატეხა თუ არა მინა. გარდა ამისა, ქუჩაში ნაჩვენებ პირს თეთრი ფეხსაცმელი, ხოლო კანცელარიაში მყოფ პირს მუქი ფერის ფეხსაცმელი აცვია.
„ლელო/ძლიერმა საქართველომ“ 29 ნოემბერს განაცხადა, რომ ელისაშვილის ქმედება „მიუღებელი“ და „გაუმართლებელია“.
„ალეკო ელისაშვილი არაერთხელ გამხდარა რეჟიმის მხრიდან უსამართლობისა და ძალადობის მსხვერპლი და მისი აღიარება დასტურია, რომ ეს არის რეჟიმის წინააღმდეგ ერთი ადამიანის თავგანწირული ქმედება“, – ნათქვამია ალიანსის განცხდებაში.
This post is also available in: English
