საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ორი მოქალაქე – ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით დააკავა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ წყაროში წყვილს ანტი-პუტინისტურ, პრო-უკრაინულ აქტივისტებად მოიხსენიებენ, დუბოვსკის რუსეთის სპეცსამსახურებისთვის მუშაობაშიც ადანაშაულებენ.
სამინისტრომ დაკავების შესახებ ინფორმაცია ხუთშაბათს საღამოს გაავრცელა მას შემდეგ, რაც დუბოვსკის მიერ თანადაფუძნებულმა ჯგუფმა „ისტორიული მიწების უკრაინელთა ერთობამ“ (Єднання Українців Історичних Земель) განაცხადა, რომ „უცნობმა პირებმა გაიტაცეს და მანქანით წაიყვანეს“ წყვილი და რომ მათი ადგილსამყოფელი უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, წყვილი სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ შემოვიდა და ბოლო სამი წლის განმავლობაში უკანონოდ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფის მიერ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთას გულისხმობს და ისჯება საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ვადით ორიდან ათ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ხუთ წლამდე.
შსს-მ განაცხადა, რომ ვლადიმირ დუბოვსკიმ და ალინა საველიევამ თავშესაფრის მოთხოვნით, არაერთხელ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რაზეც მათ უარი ეთქვათ, ვინაიდან ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ, თავშესაფრის მაძიებელთათვის არსებულ კრიტერიუმებს. მოგვიანებით, მათ მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ორი ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ორივე ინსტანციამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. „საბოლოოდ, მიმდინარე წლის 12 ნოემბერს სასამართლომ ორივე მათგანის მიმართ გამოსცა დაკავების განჩინება, რის საფუძველზეც სამართალდამცველებმა ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა ბრალდებულის სახით დააკავეს“, – განაცხადა სამინისტრომ.
დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალების, „მედუზას“ 2022 წლის ანგარიშში დუბოვსკი, რომელიც, სავარაუდოდ, 2021 წელს ჩამოვიდა საქართველოში, ომის მოწინააღდეგე აქტივისტად და ნავალნის ოფისის ყოფილ კოორდინატორად იყო მოხსენიებული, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსებს საქართველოში გამოქცევაში ეხმარებოდა. რუსეთის უფლებადამცველი პლატფორმების ცნობით, დუბოვსკი რუსეთში ძებნილად გამოცხადდა და 2024 წლის დეკემბერში იგი „როსფინმონიტორინგის“ სიაში შეიყვანეს იმ პირების გვერდით, რომლებიც ტერორიზმის მუხლებით იდევნებოდნენ.
იმავდროულად, რუსეთის ოპოზიცია და აქტივისტები დუბოვსკის თაღლითობასა და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებისთვის მუშაობაში ადანაშაულებდნენ. ჟურნალისტმა და „თავისუფალი რუსეთის ფონდის“ ყოფილმა დირექტორმა, ეგორ კუროპტევმა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში გააფრთხილა, რომ დუბოვსკის საქმე კრემლის მოწინააღმდეგე აქტივისტების გატაცებად არ უნდა იქნას განხილული.
კუროპტევმა აღნიშნა, რომ დუბოვსკიმ და საველიევამ 2023 წელს უკანონოდ გადაკვეთეს სომხეთ-საქართველოს საზღვარი და მხოლოდ შემდეგ მოითხოვეს თავშესაფარი. მან ამ ნაბიჯს „კიდევ ერთი პროვოკაცია“ უწოდა.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ 2023 წლის მარტის სიუჟეტში დუბოვსკი მოხსენიებულია როგორც „რუსი კრიმინალი საქართველოში“, რომელიც, სავარაუდოდ, არალეგალურად იმყოფებოდა ქვეყანაში.
This post is also available in: English
