შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს და ამის ოფიციალურ მიზეზად „რეორგანიზაცია“ დასახელდა. თუმცა, გათავისუფლებული თანამშრომლები პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებენ.
თანამშრომლებმა, რომლებიც ანონიმურად ესაუბრნენ რადიო თავისუფლებას, განაცხადეს, რომ „30-მდე“ ადამიანი გაათავისუფლეს ე.წ. „რეორგანიზაციის“ ფარგლებში. მათ მიაჩნიათ, რომ გათავისუფლებულთაგან ბევრი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელე იყო. ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა მედია საშუალებას განუცხადა, რომ მათ მიიღეს „მინიშნებები“, რომ „ზედმეტი ხმაურისგან“ თავი შეეკავებინათ.
„ცოტა ხნის წინ ამ ცენტრის თანამშრომლები გააფრთხილეს, ან პროტესტში მიიღებთ მონაწილეობას, ან აქ იმუშავებთო. რეალურად არჩევანი იყო, ან მოქალაქეობის უფლებებს, ღირსებას დათმობთ, ან ხელფასსო. ამ ხალხმა ღირსება არ დათმო, რისთვისაც დასაჯეს“, – დაწერა განათლების ექსპერტმა ოპოზიციური პარტია „თავისუფლების მოედნიდან“ ფეისბუქზე 26 ნოემბერს.
გამოცდების ცენტრიდან თანამშრომლების გათავისუფლებების შესახებ დასმულ კითხვაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა „ფორმულას“ განუცხადა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია ერთ-ერთი თანამშრომლის შესახებ, რომელიც, მისი თქმით, მთავრობას „რუსულად“ მოიხსენიებდა და ამ მთავრობისგან ხელფასს იღებდა სამსახურში გამოცხადების გარეშე. „თუ ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ ჰყავს რუსი ხელისუფალი, ამ რუსი ხელისუფალისგან არც ხელფასი არ უნდა აიღოს“, – განაცხადა მან.
საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა „კონსტიტუციის 78-ე მუხლმა“ განაცხადა, რომ ლაშხის კომენტარები „ადასტურებს, რომ თანამშრომლების გათავისუფლების რეალური მიზეზი მათი კრიტიკული პოლიტიკური პოზიცია იყო, რაც კანონით აკრძალული პოლიტიკური ნიშნით დევნაა“.
„საჯარო მოხელეს აქვს კონსტიტუციური უფლება, ჰქონდეს და გამოხატოს საკუთარი აზრი, მონაწილეობა მიიღოს მშვიდობიან აქციებში და გააკრიტიკოს ნებისმიერი პარტია, მათ შორის მმართველი ძალა“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. „პოლიტიკური კრიტიკა არ შეიძლება იყოს სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი“.
This post is also available in: English
