პარიზში დაფუძნებული მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) აცხადებს, რომ საქართველოში პრესის თავისუფლების დარღვევების რაოდენობამ „უპრეცედენტო დონეს“ მიაღწია და ერთ წელიწადში პრესაზე 600 თავდასხმა დაფიქსირდა.
აღნიშნავს რა, რომ პრესის თავისუფლება საქართველოში „მკვეთრად გაუარესდა“ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერება გამოაცხადა, RSF აცხადებს, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლამდე მათ თავდასხმების, თვითნებური დაჯარიმების, დაპატიმრებების, მუქარის, აკრედიტაციის შეჩერებისა და სხვა ტიპის თავდასხმების 600 შემთხვევა დააფიქსირეს.
„ძალადობის ეს ზრდა პოლიტიკური კონტროლის უპრეცედენტო და დაჩქარებულ გამკაცრებაზე მიუთითებს, რადგან საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო მეტად შორდება ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებს“, – განაცხადა ორგანიზაციამ 24 ნოემბრის ანგარიშში.
„საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დაშინების, შევიწროებისა და კრიმინალიზაციის პოლიტიკას ატარებს. RSF მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ფიზიკური ძალადობა, მუქარა და შეურაცხმყოფელი დევნა, გამოიძიოს ეს დარღვევები და დაუყოვნებლივ აღადგინოს შეჩერებული აკრედიტაციები“, – განაცხადა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჟანა კაველიემ. „საქართველო ვერ იტყვის დამაჯერებლად, რომ ის ევროკავშირს უახლოვდება პრესის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და პლურალიზმის ხელყოფის პარალელურად“.
ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ დარღვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა, თუმცა ეპიცენტრი თბილისი იყო, რომელზეც შემთხვევების ორ მესამედზე მეტი მოდის. მასში აღწერილია სასტიკი ფიზიკური თავდასხმები, საპროტესტო აქციების გაშუქებისას მედიისთვის ხელის შეშლა და „გზის გადაკეტვისთვის“ დაჯარიმებები. დოკუმენტი მთავარ დამრღვევებად მოიხსენიებს პოლიციელებს, რომლებიც ჟურნალისტებს პროტესტის ტერიტორიის დატოვებას აიძულებდნენ.
ორგანიზაციის თქმით, მედია საშუალებებს შორის, ტელეკომპანიები ყველაზე ძალადობრივი თავდასხმების სამიზნეები გახდნენ. კერძოდ, ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფს ერთ წელიწადში დაახლოებით 80-ჯერ დაესხნენ თავს. რაც შეეხება ონლაინ მედიას, RSF-მა რეპრესიების ყველაზე ხშირ სამიზნეებად „პუბლიკა“ და „ბათუმელები“ დაასახელა.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია უცხოელი ჟურნალისტების მდგომარეობა და აღნიშნულია, რომ საქართველოში შემოსვლის აკრძალვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ანგარიშში ასევე ნახსენებია „ქართული ოცნების“ მიერ პრესის წინააღმდეგ მიმართული შემზღუდავი კანონმდებლობის მიღება, მათ შორის უცხოელი აგენტების შესახებ კანონი და მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ კანონებში ცვლილებები და აღნიშნულია, რომ მათ კიდევ უფრო გაზარდეს მედია საშუალებების „პოტენციური კრიმინალიზაცია“.
„ამ სტრატეგიის ცენტრში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია“, – აცხადებენ RSF-ში. ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ივანიშვილი „გადამწყვეტ როლს ასრულებს პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ხასიათის განსაზღვრასა და დაუსჯელობის კლიმატის დამკვიდრებაში“.
This post is also available in: English
