ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ მინისტრები ვატიკანში რომის პაპს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, 24 ნოემბერს ვატიკანს ესტუმრნენ და რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდნენ. ეს კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტია ვატიკანში.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, „ქართული ოცნების“ კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და საქართველოს ელჩი წმინდა საყდარში, დავით მექვაბიშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზის თანახმად, კობახიძემ განაცხადა, რომ პაპთან „ძალიან საინტერესო“ საუბარი ჰქონდა. „ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვატიკანის, რომის პაპის მხარდაჭერა. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ეს მხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რისთვისაც რომის პაპს მადლობა გადავუხადე. მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ვატიკანის მხრიდან არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რასაც ხაზი გავუსვით“, – აღნიშნა კობახიძემ.

„ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან და იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის და თანამედროვე სამყაროს წინაშე, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება ქრისტიანული ღირებულებებისთვის ბრძოლას“, – განაგრძო მან. „რა ბრძოლას გადის ამ კუთხით ჩვენი ქვეყანა, როდესაც საქმე ეხება ქრისტიანულ, ტრადიციულ ღირებულებებს, ამაზეც გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი რომის პაპთან“.

კობახიძემ რომის პაპი ლეო XIV საქართველოში მოიწვია. ვიზიტის ფარგლებში, იგი ასევე შეხვდა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინს. „ძალიან საინტერესო საუბრები შედგა. ეს ყველაფერი გვიღრმავებს იმის რწმენას, რომ გაგრძელდება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ვატიკანს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

This post is also available in: English

Exit mobile version