„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ის წინააღმდეგ ხანგრძლივი სასამართლო დავა მესამე ინსტანციის სასამართლოში მოიგო მას შემდეგ, რაც ლონდონის Privy Council-მა 24 ნოემბერს მის სასარგებლოდ საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლითაც ძალაში დატოვა ბერმუდის უზენაესი სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას მისთვის 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
Credit Suisse-მა ბერმუდის სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილება 2024 წელს გაასაჩივრა. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ლონდონის Privy Council-მა ერთხმად არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი ყველა საკითხზე, გარდა ზიანის შეფასების დაწყების სწორი თარიღის განსაზღვრისა.
დავა Credit Suisse-ის ყოფილ მრჩეველს, პატრის ლესკოდრონს უკავშირდება, რომელიც ხელმოწერებს და კლიენტთა ამონაწერებს აყალბებდა, რათა თავისი უმსხვილესი კლიენტების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ანგარიშებიდან მილიონები უკანონოდ გადაერიცხა. ივანიშვილის იურიდიული გუნდი ამტკიცებს, რომ ასეთი სქემა ვერ განხორციელდებოდა ბანკის სხვა თანამშრომლების ინფორმირებულობის გარეშე.
თუმცა, ივანიშვილი თანხის მიღებას არ ელის. 20 ნოემბერს „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში, მისმა ადვოკატმა, თემო წიქვაძემ აშშ-ის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ახსენა და „დიფ სთეითი“ „პოლიტიკურ დევნასა“ და „ავაზაკურ რეკეტში“ დაადანაშაულა.
ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკში მის ფულზე შეზღუდული წვდომის შესახებ შეშფოთება პირველად 2022 წლის გაზაფხულზე გამოთქვა, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე და აშშ-ის მიერ მასზე სანქციების დაწესებამდე თითქმის ორი წლით ადრე. იმ დროს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბანკმა წვდომის შეზღუდვა „გეოპოლიტიკური გარემოებებით“ ახსნა და ეს ეპიზოდი შეთქმულების თეორიის გასავრცელებლად გამოიყენეს.
ივანიშვილის ადვოკატმა თავის ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ შვეიცარიულმა ბანკმა ივანიშვილის ოჯახის წევრებსაც შეუზღუდა ანგარიშებზე წვდომა.
„თუ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში შვეიცარიის ბანკი სრულიად აბსურდულად, მაგრამ მაინც საბაბად ამერიკულ სანქციებს იყენებს, ვერაფერს და არაფერს ამბობს იმაზე, თუ რატომ აქვს დაყადაღებული მეუღლის და შვილების თანხები“, – წერს წიქვაძე.
This post is also available in: English
