თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 2004 წელს ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმ დროს ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ოქრუაშვილი ამჟამად რვათვიან პატიმრობაში იმყოფება საპარლამენტო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო. რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ მის მუხლს ამნისტია შეეხო, საბოლოოდ, სასჯელის ზომად 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა, რომელსაც გამოაკლდება მიმდინარე პატიმრობა და 20 ივნისის საქმეზე მოხდილი ათთვიანი სასჯელი. მას პატიმრობის მოხდის ვადად 4 წელი და 5 თვე რჩება.
ამ საქმეზე სასამართლომ გაამართლა ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც იმ დროს ბუტა რობაქიძის მკვლელობის გამოძიებას ხელმძღვანელობდა. ადეიშვილი საქართველოდან უნგრეთში 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაემგზავრა. მას საქართველოს ხელისუფლება 2013 წლიდან სხვადასხვა ბრალდებით ეძებს, თუმცა ინტერპოლმა მასზე წითელი ცირკულარი 2015 წელს გააუქმა.
ოქრუაშვილსა და ადეიშვილს საქმეზე ბრალდება 2019 წელს წაუყენეს, როდესაც პროკურატურამ ოქრუაშვილი 19 წლის მოზარდის გარდაცვალების გარემოებების დაფარვის მიზნით ოფიციალური პირებისთვის მითითებების მიცემაში დაადანაშაულა.
This post is also available in: English
