ერგნეთში IPRM-ის 128-ე შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში 18 ნოემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში 128-ე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბეტინა პატრისია ბუგანის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, კრისტოფ შპეტის ერთობლივი ხელშეწყობით გაიმართა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.

წინა შეხვედრების მსგავსად, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების დასჯის აუცილებლობას და მკაცრად მოითხოვეს შესაბამისი ზომების მიღება“.

სუს-ის ინფორმაციით, მისმა წარმომადგენლებმა „მთავარი აქცენტი უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების საკითხზე გააკეთეს და ყველა მათგანის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს, ასევე, პრინციპულად დაგმეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ განხორციელებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები“.

ერთობლივ განცხადებაში, თანათავმჯდომარეები მიესალმნენ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მიმართ ყველა მონაწილის უწყვეტ ერთგულებას“. მათ ხაზი გაუსვეს მის საკვანძო როლს უსაფრთხოების მხრივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტასა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ქალების, მამაკაცებისა და ბავშვებისთვის პრაქტიკული გადაწყვეტილებების მოძიებაში.

ამავე განცხადების თანახმად, „მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები უსაფრთხოების სფეროში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვებზე“.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, სიტუაცია საოკუპაციო ხაზის მიღმა „საკმაოდ მშვიდი“ იყო. ცხინვალმა კიდევ ერთხელ დააყენა ჩორჩანა-წნელისის პოლიციის საგუშაგოს გაუქმების საკითხი. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, „სამხრეთ ოსეთის მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ საქართველოს ხელმძღვანელობა აღიარებს პოსტის გახსნისას დაშვებულ შეცდომას, ლოგიკური ნაბიჯი იქნება მისი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან გატანა“.

სუს-ის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „პოლიციის სტანდარტული პოსტი არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს. ამ კუთხით საფრთხეები განეიტრალებულია. საფრთხეს წარმოადგენდა თავის დროზე მისი დანაშაულებრივი მიზნით ჩადგმა. რაც შეეხება საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადებებს პოსტის დაუყონებლივ აღევის თაობაზე, ამაზეც არსებობს ცენტრალური ხელისუფლების გაცხადებული პოზიცია, რაც მათ კიდევ ერთხელ ეუწყათ“.

IPRM-ის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა 22 დეკემბერს გაიმართება.

This post is also available in: English

Exit mobile version