ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი წესები დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ 17 ნოემბერს ახალი წესები დაამტკიცა, რომლებიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას აადვილებს. ახალი რეგულაციები, სავარაუდოდ, დეკემბერში, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღეში ამოქმედდება.

„შეცვლილი წესები ევროკავშირს საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და აქტიურად მოახდინოს რეაგირება იმ სიტუაციებზე, როდესაც უვიზო მიმოსვლა ბოროტად გამოიყენება ან ბლოკის ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში.

ვინაიდან შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ახალ საფუძვლებს შორისაა ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესება, მათ შორის ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებში, გაიზარდა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ საქართველო, რომელსაც 2017 წლიდან ბლოკთან უვიზო მიმოსვლა აქვს, შესაძლოა პირველ სამიზნეებს შორის იყოს.

რეგულაცია ასევე ამცირებს შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ზღვარს. ახალი წესების თანახმად, უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნის მოქალაქეების მიერ შესვლაზე უარის თქმის, ვადიანი ვიზის გადაცილების, თავშესაფრის მოთხოვნის ან სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაულების 30%-იანი ზრდა, მანამდე არსებული 50%-ის ნაცვლად, შეიძლება პროცესის დაწყების მიზეზი გახდეს.

შეჩერების საწყისი პერიოდი 12 თვემდე გაგრძელდება, ნაცვლად მანამდე არსებული 9 თვისა, ხოლო გახანგრძლივების შესაძლებლობა 18 თვის ნაცვლად 24 თვე იქნება. პრესრელიზის თანახმად, „ეს უფრო ხანგრძლივი დროებითი შეჩერების ფაზა საშუალებას მისცემს ევროკავშირს, ითანამშრომლოს შესაბამის მესამე ქვეყანასთან, რათა მან გამოასწოროს შეჩერების გამომწვევი გარემოებები (უვიზო რეჟიმის სამუდამოდ გაუქმებამდე).“

„ახალი მექანიზმი ასევე ითვალისწინებს უვიზო რეჟიმის დასრულების მიზანმიმართულ მიდგომას“, – ნათქვამია პრესრელიზში. „მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად უვიზო რეჟიმის შეჩერება ეხება ქვეყნის ყველა მოქალაქეს, როდესაც საწყისი პერიოდი გრძელდება, ახალი წესების თანახმად, დამატებითი 24-თვიანი შეჩერების ფაზა ავტომატურად არ შეეხება მთელს მოსახლეობას“.

„ამის ნაცვლად, ევროკავშირს შეუძლია გადაწყვიტოს (გააგრძელოს) ხელისუფლების წარმომადგენლებისა და დიპლომატების მიზანში ამოღება“, – ნათქვამია პრესრელიზში.

This post is also available in: English

Exit mobile version