სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 17 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ბიურო 2026 წლის 2 მარტს გაუქმდება და მისი ფუნქციებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეასრულებს.
პაპუაშვილის თქმით, იმავე დღეს გაუქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და მისი ფუნქციებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.
„ჩვენი მიზანია მმართველობის სისტემის კონსტიტუციური ჩარჩოს გამყარება და სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა. „კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. პროცესში ჩართულია მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, პროკურატურა“.
აღნიშნა რა, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს დაკისრებული აქვს „თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი“, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს“.
პაპუაშვილის თქმით, 2026 წლის 1 იანვრიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატი გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში, რაც „ბიზნესის საჭიროებებზე უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას უზრუნველყოფს“.
„საერთო ჯამში, აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს მმართველობის სისტემის შესაბამისობაში მოყვანას კონსტიტუციით დადგენილ ინსტიტუციურ ჩარჩოსთან, სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაციას – წლიურად დაახლოებით 20 მილიონი ლარით, სტრუქტურული ფუნქციების გამარტივებას, უფრო მკაფიო პასუხისმგებლობებს და ეფექტიან მართვას“, – დასძინა მან.
This post is also available in: English
