ახალი ამბები

ეუთო/ოდირი საქართველოს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ახალი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ოდირი) 12 ნოემბრის გადაუდებელ მოსაზრებაში საქართველოს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ახალი, უფრო მკაცრი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ოქტომბერში დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები „სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით“.

43-გვერდიან შეფასებაში, რომელიც სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე მომზადდა, ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ ახალი წესები, რომლებიც ადმინისტრაციულ პატიმრობას და საბოლოოდ სისხლის სამართლის სასჯელს ითვალისწინებს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული რამდენიმე დარღვევისთვის, „პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც მოითხოვს, რომ სანქციები იყოს აუცილებელი, პროპორციული და არადისკრიმინაციული“.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ შეკრებასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დაკავება „მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული, თუ არსებობს სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების გადაუდებელი აუცილებლობა და როდესაც დაპატიმრება აბსოლუტურად აუცილებელია (მაგ., ძალადობრივი ქცევის გამო).“

ეუთო/ოდირი ასევე აკრიტიკებს ცვლილებას, რომელიც 5 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს ორსული ქალებისთვის, 12 წლამდე ასაკის ბავშვების მქონე ქალებისთვის, არასრულწლოვნებისთვის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რომლებიც ჩაიდენენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს,  ამ ზომას „აშკარად არაპროპორციულს“ უწოდებს და მისი სრულად გადახედვისკენ მოუწოდებს.

„მთლიანობაში, 2025 წლის ოქტომბერში მიღებული ცვლილებები იწვევს სერიოზულ შეშფოთებას, რომ საქართველო არ ასრულებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებს, განსაკუთრებით კი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციის მე-9, მე-19 და 21-ე მუხლებს და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5, მე-10, მე-11 და მე-18 მუხლებს. ამიტომ, მიღებული კანონები უნდა გაუქმდეს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

This post is also available in: English

Back to top button