ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 65-ე რაუნდი

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 65-ე რაუნდი 2025 წლის 11-12 ნოემბერს გაიმართა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს დელეგაციამ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად გამართვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„საქართველოს მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და საოკუპაციო რეჟიმების  დესტრუქციული ქმედებების საკითხი. შეშფოთება გამოითქვა ბოლო დროის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევით სოხუმში აეროპორტის ამუშავება,  რეგულარული ავიარეისების დაწყება, რუსეთიდან სოხუმში სარკინიგზო და საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის ამოქმედება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

თანათავმჯდომარეების პრესკომუნიკეში ნათქვამია, რომ ისინი მიესალმებიან მონაწილეთა ერთგულებას „ამ მნიშვნელოვანი პროცესისადმი“ და ხაზს უსვამენ, რომ მოლაპარაკებებმა „პროგრესს უნდა მიაღწიოს და დღის წესრიგის ძირითადი საკითხები უნდა განხორციელდეს კონფლიქტით დაზარალებული ყველა ადამიანის სასარგებლოდ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თბილისის მიერ სოხუმთან და ცხინვალთან ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას.

მეორე სამუშაო ჯგუფში დევნილთა საკითხის განხილვაზე უარი ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლებმა საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაში დევნილების შესახებ ყოველწლიური რეზოლუციის წარდგენით ახსნეს და მას თბილისის მიერ ამ პრობლემის პოლიტიზების მცდელობა უწოდეს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი 2025 წლის ნოემბერში გაიმართება.

This post is also available in: English

Exit mobile version