კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, რომლებიც სადავო პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით 11 ნოემბერს მიიღო, ფინანსურ ან სამოხელეო დანაშაულებში მსჯავრდებულ ყოფილ თანამდებობის პირებს 30 წლის განმავლობაში ყოველწლიური ქონებრივი დეკლარაციის წარდგენა მოეთხოვებათ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ „კანონპროექტის შემუშავებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად იყო ჩართული“. გორდულაძის თქმით, ხელისუფლების მიზანია, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე იყოს.
ფინანსური დანაშაულებისთვის მსჯავრდებული ყოფილი თანამდებობის პირები ვალდებულნი იქნებიან, ქონებრივი დეკლარაციები ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინონ, მათი განაჩენის ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში და შემდეგ ყოველწლიურად მომდევნო 30 წლის განმავლობაში.
ცვლილებების თანახმად, ეს მოთხოვნა ვრცელდება ყოფილ სახელმწიფო მოხელეებსა და საჯარო მოხელეებზე, რომლებიც დამნაშავედ ცნეს შემდეგი სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენაში მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს: თაღლითობა (მუხლი 180); გამოძალვა (მუხლი 181); მითვისება ან გაფლანგვა (მუხლი 182); წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება (მუხლი 186); ფულის გათეთრება (მუხლი 194); უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება (მუხლი 194¹); სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა (მუხლი 195¹); ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით (მუხლი 205¹); საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა (მუხლი 214); გადასახადისათვის თავის არიდება (მუხლი 218); იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა (მუხლი 237); ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მითვისება ან გამოძალვა (მუხლი 264); და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით (მუხლი 286¹).
ის ასევე მოიცავს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებულ რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულს, მათ შორის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას (მუხლი 332); სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას (მუხლი 333); ქრთამის აღებას (მუხლი 338); და ქრთამის მიცემას (მუხლი 339).
This post is also available in: English
