ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან კუპატაშვილი დააკავეს, ხოლო აზერბაიჯანული კომპანიის სამ მენეჯერსა და ერთ საერთაშორისო ექსპერტს დაუსწრებლად ბრალი წარედგინათ. საქმე ეხება კორუფციულ გარიგებებს, რომლებმაც, სავარაუდოდ, 2023 წელს სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ხიდის ჩამონგრევა გამოიწვია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში ხიდის ჩამონგრევას მდინარე რიონის ადიდების შედეგად მიყენებულ წყალდიდობას მიაწერდა. თუმცა, დეკემბერში გამოძიებამ დაადგინა, რომ ხიდი ხარვეზებით, უხარისხოდ და პროექტის დარღვევით აშენდა. პროკურატურამ 10 ნოემბერს განაცხადა, რომ ჩამონგრევის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 16 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგა.
პროკურატურის კორუფციული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსის, მალხაზ კაპანაძის თქმით, 2018 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და სამშენებლო კომპანია ,,Akkord’’-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 11.5 კილომეტრიანი მონაკვეთის და სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე. აღნიშნულ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებას ახორციელებდა ოთხი საერთაშორისო კომპანიისგან შემდგარი ერთობლივი კონსორციუმი, რომლის ადგილზე საქმიანობის ყოველდღიური კონტროლი თავის მხრივ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ევალებოდა.
პროკურატურის ინფორმაციით, პროექტის მიმდინარეობისა და ხიდის მშენებლობის პერიოდში, საზედამხედველო კომპანიის არცერთი უფლებამოსილი ექსპერტი საქართველოში არ იმყოფებოდა და მშენებლობაზე საზედამხედველო ფუნქცია რეალურად არ ხორციელდებოდა, რაც ასევე ცნობილი იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის. „მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოში არ მყოფი, საერთაშორისო კომპანიის ექსპერტი მაინც ადასტურებდა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების მიერ ყალბად შედგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებს, რასაც ასევე ხელს აწერდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი“.
კუპატაშვილს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამშენებლო კომპანიის დირექტორსა და პროექტის მენეჯერებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საერთაშორისო კომპანიების ერთობლივი კონსორციუმის ჯგუფის ხელმძღვანელ-ინჟინერს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში დახმარებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტებზე, რაც სასჯელის სახედ ასევე 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თუმცა, პროკურატურამ კომპანიის მენეჯერები და ექსპერტი არ დაასახელეს.
This post is also available in: English
