ქურდული სამყაროს წევრობისა და მისი საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 34 პირია დაკავებული

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ნოემბერს განაცხადა, რომ ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი, 7 პირს კი – მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 2 პირს და საზღვარგარეთ მყოფ 4 პირს და ერთ „კანონიერ ქურდს“ – ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

შსს-ს ინფორმაციით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, 1973 წელს დაბადებულმა მირზა ალიევმა, რომელზეც გაცემული იყო მოსამართლის განჩინება დაკავების შესახებ, ინტენსიური ცეცხლი გახსნა სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით. შედეგად გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა  ლიკვიდირებული.

ალიევის ნათესავებმა კაბალიდან მედიას განუცხადეს, რომ მას, სავარაუდოდ, ნიღბიანი პოლიციელები ქურდებში აერია. ერთ-ერთმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ალიევის ნათესავმა, განაცხადა, რომ ალიევმა პირველმა გაისროლა და რომ მისი ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ სროლის დროს.

„რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ, საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ და იღებდნენ მათგან სხვადასხვა დავალებას, რომელსაც შემდგომში ასრულებდნენ“, – აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, რომლებიც ეხება ქურდული სამყაროს წევრობას, კრიმინალური დაჯგუფებების მხარდაჭერას, მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში და გამოძალვას. ყველა ეჭვმიტანილს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამავე ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის პოლიციამ დააკავა ბიზნესმენ დავით მიქაძის დაცვის უფროსი, დავით ჩუბინიძე. მიქაძე, თავის ძმასთან ერთად, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის, გავლენიანი „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის ძმის, გახმაურებულ მკვლელობასთანაა კავშირში.

გამოძიებით დადგენილია, რომ  2021 წლის სექტემბრის თვეში, დავით ჩუბინიძე და დავით მიქაძე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე  რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს მესამე პირზე. ჩუბინიძის მიმართ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. მიქაძეს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, საზღვარგარეთ იმყოფება, ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

This post is also available in: English

Exit mobile version