პროკურატურა ღარიბაშვილისთვის 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს

საქართველოს პროკურატურა ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს. პროკურატურამ ასევე მოითხოვა, რომ ღარიბაშვილმა თავისი პასპორტი სამართალდამცავ უწყებას ჩააბაროს და ქვეყნიდან გამგზავრება აეკრძალოს.

გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ 24 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილი „ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა კანონით აკრძალულ სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს. მას, როგორც თანამდებობის პირს, გააჩნდა როგორც შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების დეკლარირების ვალდებულება“.

გვარაკიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. „ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ“, – აღნიშნა მან.

„პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს – 1 მილიონი ლარის შეფარდების შესახებ, რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონებით“, – დასძინა გვარაკიძემ.

This post is also available in: English

Exit mobile version