ტელეიმედი: ევროკომისიამ FARA-ს გვერდის ავლით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები დააფინანსა

ტელეკომპანია „იმედმა“ ევროკომისია იმ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების უკანონო დაფინანსებაში დაადანაშაულა, რომლებიც, მისი თქმით, ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციების უკან დგანან. 19 ოქტომბერს გასულ რეპორტაჟში „იმედმა“ განაცხადა, რომ თითქმის ერთი მილიონი ევრო გადაირიცხა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციაში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის“ (FARA) ქართული ვერსიის გვერდის ავლით, ჰუმანიტარული საქმიანობისთვის დაშვებული საგამონაკლისო შემთხვევების გამოყენებით.

გადაცემა „იმედის კვირამ“ განაცხადა, რომ ქართული FARA-ს გვერდის ავლით, „რადიკალური აქციების“ სასარგებლოდ დიდი ფულადი გზავნილების დეტალური სქემა გამოავლინა. 19 ოქტომბერს გასული რეპორტაჟის თანახმად, ევროკომისიამ, თავისი პროექტის „ადამიანის უფლებების დაცვის გადაუდებელი მხარდაჭერა საქართველოში“ მეშვეობით, 868 990 ევრო ორ ნაწილად – მაისსა და აგვისტოში – გადაურიცხა წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრს (GCRT), რომელმაც, ამავე რეპორტაჟის თანახმად, მოგვიანებით ეს თანხა სამოქალაქო საზოგადოების იმ ორგანიზაციებს გადაუნაწილა, რომლებიც „საპროტესტო აქციებს აფინანსებენ“. „იმედის“ ინფორმაცით, ცენტრმა დამატებით 110 000 ევრო მიიღო დაზარალებულთა ნდობის ფონდიდან, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან დაკავშირებული ორგანოა.

რეპორტაჟის თანახმად, GCRT-მ თანხა თერთმეტ ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციას გადაუნაწილა: „საქართველოს მომავლის აკადემია“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საფარი“, „ფონდი ინდიგო“, „უფლებები საქართველო“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, „თემიდა“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „მედიის ინსტიტუტი“ და მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება.

„იმედის“ რეპორტაჟის თანახმად, GCRT-მ სექტემბერში ასევე გადასცა თანხა ინდივიდუალურ უფლებადამცველებს, მათ შორის ადვოკატებს, რომლებიც სასამართლოში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებულთა ინტერესებს იცავენ.

This post is also available in: English

Exit mobile version