გახარიას პარტია პარლამენტში შესვლას და ამით ერთწლიანი ბოიკოტის დასრულებას გეგმავს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტში თავიანთ ადგილებს დაიკავებენ, რითიც თითქმის ერთწლიან ბოიკოტს დაასრულებენ, განაცხადა პარტიის წევრმა, გიორგი შარაშიძემ 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

„სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური პროტესტის ამ ფორმამ „ოცნების“ ბოროტების მანქანა ვერ შეაჩერა და ვერ მოახდინა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ქვეყნისთვის ისეთი დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია, როგორიც იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, ანტიდემოკრატიული და ადამიანის უფლებების შემლახველი კანონების მიღება, ავტოკრატიული რეჟიმის დამძიმება, მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობა, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების მოპარვა და სხვა ბევრი დანაშაულებრივი, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“, – განაცხადა შარაშიძემ.

„პარლამენტის ბოიკოტმა, რაც მთელი პოლიტიკური პროცესის ბოიკოტში გადაიზარდა, ოპოზიცია, ფაქტობრივად, გააქრო პოლიტიკური ასპარეზიდან“, – განაგრძო მან. „შედეგად, „ოცნებას“ შესაძლებლობა მიეცა, ძალიან სწრაფად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ემოქმედა და დაემძიმებინა ავტორიტარიზმი, რამაც 4 ოქტომბრის პროვოკაციამდე მიგვიყვანა“.

მისი თქმით, პარტია არავის ადანაშაულებს, გარდა საკუთარი თავისა. „ერთი წლის წინ ვერ შევძელით საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის დარწმუნება, რომ პარლამენტის მანდატების გაუქმება შეცდომა იყო… დღეს ჩვენ აღარ ვაპირებთ არც საკუთარი შეცდომების ტყვეობაში და არც ილუზიებში დარჩენას და თავის მოტყუებას“.

This post is also available in: English

Exit mobile version