კომუნიკაციების კომისიამ რამდენიმე მაუწყებელს, მათ შორის „ფორმულას“ წერილობითი გაფრთხილება გაუგზავნა უცხოური დაფინანსების სავარაუდო მიღების გამო, რაც მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების პირველი ამოქმედებაა, რომლითაც ტელევიზიებსა და რადიო არხებს უცხოური წყაროებიდან დაფინანსების მიღება ეკრძალებათ.
9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მარეგულირებელმა ტელემაუწყებლები „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“, ასევე რადიომაუწყებლები „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაში დაადანაშაულა და მათ უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა.
კომუნიკაციების კომისიის თქმით, 2025 წლის II კვარტალში შპს „ფორმულა მულტიმედიამ“ კვიპროსში რეგისტრირებული იურიდიული პირის – „INFINITY CV GROUP CY LTD“-ისგან 1,336,675 ლარი მიიღო. ამავე პერიოდში, „ფორმულას“ „ფორმულა მულტიმედიასგან“ 463,000 ლარი აქვს მიღებული.
კვიპროსის კორპორატიული რეესტრის ჩანაწერებში INFINITY CV GROUP CY LTD-ის დირექტორად დავით კეზერაშვილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და არხის ყოფილი საკონტროლო პაკეტის მფლობელია მოხსენიებული. მარტში კეზერაშვილმა თავისი დარჩენილი წილები ოფიციალურად გადასცა „ფორმულას“ თანადამფუძნებლებს, მიხეილ მშვილდაძეს და ზურაბ გუმბარიძეს.
„„ფორმულასა“ და „ფორმულა მულტიმედიას“ მიერ კომუნიკაციების კომისიისთვის წარდგენილი სტატისტიკური ანგარიშების ფორმებიდან დადგინდა, რომ „ფორმულას“ მიერ „ფორმულა მულტიმედიასგან“ მიღებული თანხა წარმოადგენდა სესხს. თავის მხრივ, ფორმულა მულტიმედიას“ მიერ „INFINITY CV GROUP CY LTD“-ისგან მიღებული თანხაც წარმოადგენდა სესხს. ანგარიშების ფორმებიდან დადგინდა ისიც, რომ „ფორმულა მულტიმედიას“, გარდა უცხოეთში დარეგისტრირებული იურიდიული პირის – „INFINITY CV GROUP CY LTD“-ისგან მიღებული დაფინანსებისა, სხვა მნიშვნელოვანი შემოსავალი არ გააჩნია“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
This post is also available in: English