
ბაჩიაშვილის ცემის ინსცენირების ბრალდებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ მან სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე დააკავა, რომელსაც პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ინსცენირება ეხება ბრალად.
ამავე ინფორმაციით, ქემოკლიძემ ბაჩიაშვილთან წინასწარი შეთანხმებით, მის საკანში შეიყვანა სპეციალურად შერჩეული ორი პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ, რისი განხორციელებაც იმ ეტაპზე ვერ მოახერხეს. ამის შემდეგ, განზრახვის ბოლომდე მისაყვანად ქემოკლიძემ ბაჩიაშვილის საკანში შეიყვანა პატიმარი, ვისთანაც ბაჩიაშვილმა კამათი დაიწყო, რასაც საბოლოოდ მათ შორის „მცირე ფიზიკური დაპირისპირება“ მოყვა.
„საბოლოო მიზნად განსაზღვრული იყო გავრცელებული ინფორმაციის გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ გამოყენება, როგორც შიდა პიარული მოხმარებისთვის და საქმის დაზარალებულის წინააღმდეგ, ასევე, იგივე მიმართულებით სტრასბურგის სასამართლოში“, – განაცხადა სუს-მა.
ქემოკლიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
This post is also available in: English