რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა 8 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე მიესალმა საქართველოში 4 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს და მას „გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი“ უწოდა. მან ამავდროულად დაგმო „დასავლური აქტორების ცნობილი ჯგუფის“ მიერ ქვეყნის შიდა საქმეებში „აშკარა ჩარევა“.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებიან და რომლებსაც „ევროკავშირის ოფიციალური პირები და კიევის რეჟიმი უჭერენ მხარს“, პირდაპირ „მოუწოდეს ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობისკენ“.
ზახაროვამ განაცხადა, რომ „საბოლოოდ წარუმატებელი პროვოკაციის“ „მკაფიო მიზანი“ იყო საქართველოში უკრაინის სტილის „მაიდანის სცენარის“ განხორციელება, „მარიონეტული მთავრობის დასმა, ქვეყნის დასავლეთის ნებაზე სრულად დამორჩილება და ანტირუსულ პოზიციებზე მისი გამყარება – ყველაფერი ეს კი იმისთვის ხდება, რომ საქართველო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახალი ავანტიურებისთვის გამოიყენონ და რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიონ“.
This post is also available in: English