თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა 4 ოქტომბრის აქციის ხუთ ორგანიზატორს, მათ შორის ოპერის მომღერალ პაატა ბურჭულაძეს, ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მურთაზ ზოდელავასა და ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ პაატა მანჯგალაძესა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
6 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.
მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისში, პრეზიდენტის სასახლესთან, 4 ოქტომბრის არჩევნების დღეს მომხდარ არეულობაში მონაწილეობისთვის 13 პირია დაკავებული. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს მიმალვაში მყოფი კიდევ ორი პირის ძებნა.
This post is also available in: English