კაია კალასისა და მარტა კოსის ერთობლივი განცხადება ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“. 

„დამოუკიდებელ მედიაზე მრავალთვიანმა თავდასხმებმა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღებამ, ოპონენტებისა და აქტივისტების დაპატიმრებამ და ასევე საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეტანილმა ცვლილებებმა კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მკვეთრად შეამცირა. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა  ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ამომრჩეველთა აქტივობა შედარებით დაბალი იყო“, – ნათქვამია 5 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო დამკვირვებლების, კერძოდ, ეუთო / ოდირის დროულად მოწვევაზე უარის თქმამ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას ზიანი მიაყენა და სანდო და შინაარსიან საერთაშორისო დაკვირვებას ხელი შეუშალა. ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე თავი შეიკავეს დაკვირვებისგან არსებული რეპრესიული გარემოს გამო“, – აცხადებენ ისინი.

მათ ხელისუფლებას მოუწოდეს „ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებისკენ, ვინც უსაფუძვლოდ იყო დაკავებული“.

„მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ არჩევნების შემდგომ პერიოდში და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი, ყველა პოლიტიკური აქტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს ძალადობისგან თავი შეიკავონ“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

This post is also available in: English

Exit mobile version